ჩვენ შესახებ


შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მთავარი ფუნქციაა საქართველოში არსებული ბიზნესების ხელშეწყობა, ახალი ბიზნესების შექმნა და განვითარება, სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება.

 




ჩვენ ვქმნით   საჯარო და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემას, ასევე ვახდენთ მოსახლეობისა და გადასახადის გადამხდელთა ინფორმირებას, რაც ამ სისტემის გამართული ფუნქციონირების ქვაკუთხედია. გადასახადის გადამხდელისათვის მაღალკვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტირების შეთავაზება შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების გზით ხორციელდება.

ჩვენი მიზანია   სამართლიანი ადმინისტრირების სისტემის ჩამოყალიბება, რათა საქართველო იყოს ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თავლსაზრისით, საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ვაჭრობაში, ასევე სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული და პროგრესული წევრი, რომელიც სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გაუქმებით სისტემატურად ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარდა არაერთი რეფორმა და დაინერგა სხვადასხვა სახის ელექტრონული მომსახურება, რამაც საგრძნობლად გაამარტივა ურთიერთობა შემოსავლების სამსახურსა და მის მომხმარებლებს შორის. ჩვენი დახმარებით გადასახადის გადამხდელს ეხარჯება უმცირესი დრო და რესურსები საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მარტივი და ნათელი საგადასახადო კანონმდებლობის არსებობას, რომელიც გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის გარანტი და მისთვის დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულების აუცილებელი წინაპირობაა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელისათვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყავნა, რის საფუძველზეც აშენდა, გარემონტდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა საბაჟო გამშვები პუნქტები ,    გაფორმების ეკონომიკური ზონები   და   მომსახურების სერვისცენტრები.