თავი XIII მოგების გადასახადი

 

მუხლი 96. გადასახადის გადამხდელი
1. მოგების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო;
ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
2. ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 143-ე მუხლის გათვალისწინებით.
3. თუ არარეზიდენტი პირი არ არის ფიზიკური პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას ამ კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით, იგი იბეგრება, როგორც არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება.

მუხლი 97. დაბეგვრის ობიექტი
1. რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
2. არარეზიდენტი საწარმო (გარდა საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებლისა), რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, არის მოგების გადასახადის გადამხდელი მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებით.
3. საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებელი არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, დასაბეგრი მოგება განისაზღვრება საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, რომელიც იყოფა მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ (მთლიან) შემოსავალზე და მრავლდება მის მიერ მიღებულ დასაბეგრ მოგებაზე.
4. არარეზიდენტი საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც ქონების რეალიზაციით იღებს ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, არის მოგების გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილში აღნიშნული აქტივებით მიღებული ნამეტი შემოსავლები;
გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი. 

მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი
1. საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება       10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება (15.12.2010. N4061 ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან)

1. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება  200 000 ლარს;
ვ) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;
ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება;
კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
მ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციითა და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება და ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება;
ნ) ამოღებულია (13.10.2011. N5120)
ო) საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება, გარდა ამ კოდექსის 25-ე მუხლის 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთაშორისო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის საქონლის მიწოდებით მიღებული მოგებისა; (24.06.2011. N4963)
პ) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება, თუ საინვესტიციო ფონდი არის საერთაშორისო ფინანსური კომპანია;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება; (24.06.2011. N4961)
რ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა);
ს) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
ტ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება;
უ) ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ღირებულება.
ფ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა; (24. 04 2012. N6053 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან)
ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება, გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა; (8.11.2011. N5202)
ღ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება; (8.11.2011. N5202)
ყ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი. (8.11.2011. N5202)
შ) ტურისტული საწარმოს მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული სარგებელი; (13.03.2012. N5791)
 ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1 თვის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ  გაწევის შედეგად წარმოშობილი შემოსავალი (უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი) და სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი.  (13.03.2012. N5791)
 2. ამ მუხლის მიზნებისთვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.